რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის თქმით, ქვეყანა მზადაა, მარცვლეულის შეთანხმებას დაუბრუნდეს, როგორც კი "მოსკოვისთვის მიცემული პირობები შესრულდება".
"მინდა, კიდევ ერთხელ დავადასტურო ჩვენი პრინციპული პოზიცია: ჩვენ მზად ვიქნებით, განვიხილოთ მარცვლეულის შეთანხმების აღდგენის შესაძლებლობა, ამის შესახებ კიდევ ერთხელ ვუთხარი პრეზიდენტს და ამას გავაკეთებთ, როგორც კი ყველა შეთანხმება შესრულდება რუსული სოფლის მეურნეობის პროდუქციის ექსპორტზე შეზღუდვების მოხსნის შესახებ.
რუსეთი მარცვლეულის შეთანხმებას ყველა მოთხოვნის შესრულებიდან რამდენიმე დღეში დაუბრუნდება. ჩვენ არ ვართ ამ მარცვლეულის შეთანხმების წინააღმდეგი. ჩვენ მზად ვართ, მას დაუყოვნებლივ დავუბრუნდეთ, როგორც კი ჩვენთვის მოცემული დაპირებები შესრულდება. რუსული მხარე ყოველთვის თანხმდებოდა, რომ მარცვლეულის დერეფნები განკუთვნილი იყო სურსათის ექსპორტისთვის. ის არ უნდა იყოს გამოყენებული სამხედრო მიზნებისთვის. მაგრამ სამწუხაროდ, სწორედ მსგავსი მიზნებისთვის გამოიყენება. ჩვენ ამას ვხედავთ", - თქვა რუსეთის პრეზიდენტმა.
დღეს სოჭში თურქეთისა და რუსეთის პრეზიდენტების, რეჯეფ თაიფ ერდოღანისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრა გაიმართა.
ერდოღანი სოჭში დელეგაციასთან ერთად ჩავიდა. მასთან ერთად იყვნენ ქვეყნის ეკონომიკური გუნდის წევრები, ფინანსთა მინისტრი და ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელი. მოლაპარაკების მთავარი თემა მარცვლეულის შეთანხმება იყო, რომელიც რუსეთმა ივლისში დატოვა.
17 ივლისს, რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთი შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმებას აჩერებს. კრემლის პრესსპიკერმა, დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ რუსეთთან დაკავშირებული შეთანხმების ნაწილი არ შესრულდა.
13 ივლისს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა თქვა, რომ მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში, რუსეთი შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმებას დატოვებს. მან ასევე თქვა, რომ გაერომ ვერ შეძლო საკითხის ისე გადაწყვეტა, რომ დაკმაყოფილებულიყო რუსული მხარის მოთხოვნებიც.